მამა გიორგი მამალაძესთან 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ ადვოკატი გლდანის ციხიდან გამოვიდა.
დავით ჯანდიერი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ სასულიერო პირთან მას შემდეგ შევიდა, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმეზე ადვოკატის სარჩელი განხილვაში მიიღო.
გახმაურებულ საქმეზე უკვე დაწყებულია კომუნიკაცია, რაც პირველ რიგში დამატებით კითხვებზე პასუხებს გულისხმობს.
ადვოკატის თქმით, დეკანოზი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართ იმედიანად არის განწყობილი. დავით ჯანდიერი ამბობს, რომ გიორგი მამალაძეც ციანიდი არ ჰქონია და სასულიერო პირი არავის მოკვლას გეგმავდა.
"თვითონ საკმაოდ იმედიანად არის განწყობილი. მისი ერთადერთი მიზანი სტრასბურგთან მიმართებაში არის, რომ დამტკიცდეს მას ნამდვილად არ ჰქონია ციანიდი და არავის მოკვლას არ გეგმავდა. ძირითადი ფოკუსი სტრასბურგის სასამართლოსი არის ის, რომ შეკითხვები უკავშირდება საქმის სამართლიანი განხილვის უფლების შესაძლო დარღვევის საკითხს. კომუნიკაცია თავისთავად გულისხმობს, რომ სასამართლომ მიიჩნია, პირველადი შესწავლის შედეგად, რომ პრეტენზიები არის საფუძვლიანი, თუმცა არ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არის დადასტურებული,"- აცხადებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერი.
შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის მსჯავრდებული დეკანის ოჯახი იმედოვნებს, რომ ევროსასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს და სასულიერო პირის უდანაშაულობა დამტკიცდება.
"ის ფაქტი, რომ ევროსასამართლოსმ საქმე წარმოებაში მიიღო იმედის მომცემია, რადგან სტრასბურგის სასამართლო მოგეხსენებათ არ ღებულობს საქმეს, თუკი მტკიცებულებები არ არსებობს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადგინდება სამართალი და ჩემი ძმა უდანაშაულოდ იქნება ცნობილი,"- აცხადებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე.