3 საათია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელი შეხვედრის მთავარი გადაწყვეტილება მიღებულია. საბჭომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეარჩია და პარლამენტს გადაუგზავნა.
გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, ამავე პოზიციას იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია.
"პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პროცესი წინ ვერ წავა, რადგანაც ეს იქნება მიშელის ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევა. ამიტომ, ცხადია, რომ ჩვენ იუსტიციის საბჭო შეიძლება ვერ ვაკონტროლოთ, მაგრამ აუცილებლად დავამუხრუჭებთ ამ პროცესს პარლამენტში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
"გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი აღნიშნავს, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს მათი მხრიდან ლეგიტიმაცია არ ექნება.
"ამ მოსამართლეების დანიშვნებში არ მივიღებთ ჩვენ მონაწილეობას და ამ პროცესს ჩვენგან ლეგიტიმაცია არ ექნება. თუმცა, შესაძლებელია არსებობდეს კითხვები, რომელიც საზოგადოებას აინტერესებდეთ ამ პროცესის მონაწილეებისაგან. თუ დავინახეთ, რომ ასეთი ინტერესი არსებობს და ეს სპექტაკლს არ დაემსგავსება, მაშინ ამ თვალსაზრისით მივიღებთ მონაწილეობას,"- აღნიშნავს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მიშელის დოკუმენტში ის საკითხი, რომ მათ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეაჩერონ - არ წერია. ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ პროცესი ღიად მიმდინარეობს.
"მიშელის დოკუმენტში არ წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა ჩვენ უნდა შევაჩეროთ. ასევე, ჩვენ ვენეციის კომისიის საფუძველზე მოვახდინეთ მთელი რიგი ახალი ინიცირებები კანონთან დაკავშირებით, ამასთან ჩვენ გავხსენით დამატებითი დრო, რომ დამატებით ყველა მსურველს ჰქონოდა საშუალება შემოეტანათ თავიანთი განაცხადი მოსამართლეობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი ღიად მიმდინარეობს,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
9 მოსამართლის კანდიდატურა სასამართლოს მოსამართლეობისთვის, საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. დღეს საბჭომ სულ 100-ზე მეტი მოსამართლის შესახებ უნდა იმსჯელოს. უზენაესი სასამართლოს გარდა, საუბარია 88 პირის ქვედა ინსტანციაში დანიშვნაზე. ასევე 8 მოსამართლე სხვა სასამართლოში უნდა გადაიყვანონ.