იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 7 საათია მიმდინარეობს. დღევანდელი შეხვედრის მთავარი გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დილითვე მიიღეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეარჩიეს. შერჩეული შემადგენლობა პარლამენტს გადაეგზავნება.
დღევანდელ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, ამავე პოზიციას იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია.
"ეს გადაწყვეტილება, ჩვენ არ შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ იყო კარგი გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ აუცილებელი იყო საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილება, რაც გულისხმობდა უფრო მაღალი ლეგიტიმაციით მოსამართლეთა შერჩევას. თუ პარლამენტს წარუდგინა ცუდი კანდიდატები საბჭომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ცუდ კანდიდატებში კარგს ვერ შეარჩევს,"- აცხადებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი.
თუ მიმდინარე პროცესი ფართო პოლიტიკური კონსენსუსით არ განვითარდა, სასამართლო სისტემის მორიგ რეპუტაციულ ზიანს ელოდება "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" (ყოფილი EMC) მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე
"ჩვენი მოლოდინი არის, რომ პარლამენტში ეს პროცესი ან უნდა გაჩერდეს და არ მიიღოს გადაწყვეტილებები ამ საკითხზე, ან თუკი პარლამენტი უზენაეს სასამართლოს კანდიდატებზე მიიღებს გადაწყვეტილებას ის ეფუძნებოდეს ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს და ოპოზიციური თანხმობაც იყოს საჭირო. სხვა შემთხვევაში უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები არ უნდა გამწესდნენ უვადოდ, იმიტომ რომ მათ არ ექნებათ მაღალი ნდობა და ამით უფრო მეტ რეპუტაციულ ზიანს მიიღებს მთლიანად სასამართლო სისტემა," - აღნიშნა გურამ იმნაძემ.