უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უმაღლესი სასწავლებლების როლზე გაამახვილა ყურადღება.
"უნივერსიტეტებს ყოველდღიურად გესმით გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ. ეს უნდა ისმოდეს ჩვენთან, რათა პარლამენტმა შეძლოს გაანალიზება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილების მიღება. იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობით მომზადდება ისეთი დოკუმენტები, რომლებიც განმსაზღვრელი იქნება განათლების სისტემის განვითარებისთვის“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ უნივერსიტეტების რექტორებს.
„განათლება არის ის სფერო, რომელზეც უნდა იდგეს თანამედროვე საზოგადოება. ნებისმიერი სფეროს განვითარება და პროგრესი სწორედ განათლების სფეროს ეყრდნობა. შესაბამისად, სამინისტრო ათწლიან სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე, ხოლო პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობს," - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, უნივერსიტეტს მიმდინარე სასწავლო წელს პირველი სტუდენტები ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი სასწავლებელი ახალგაზრდებს სთავაზობს, სახელმწიფო გრანტის ფარგლებში, საქართველოშივე მიიღონ დასავლური, ევროპული სტანდარტის განათლება.
"ყველას, ვინც ამ პროექტში ვართ ჩართული, გვინდა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებით ახალი სიცოცხლე შემოვიტანოთ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში," - განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.
უნივერსიტეტს სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი აქვს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან როგორც აკადემიური, ასევე მენეჯმენტის, მართვის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. როგორც რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტის ამოცანაა საქართველო გახდეს უმაღლესი განათლების და მეცნიერების ჰაბი და რაც შეიძლება მეტი უცხოელი სტუდენტი მოიზიდოს. ამ ამოცანის განსახორციელებელ მნიშვნელოვან პირობად ალექსანდრე თევზაძეს საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა მიაჩნია.
უნივერსიტეტების რექტორებმა კომიტეტს მათი მართვის ქვეშ არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე მდგარი გამოწვევები და საჭიროებები გააცნეს და პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გაუზიარეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, პროფესორ-მასწავლებელთა ანაზღაურებაზე, მკვლევარებისთვის დოქტორანტურის საფეხურის გადასახადის ხელმიუწვდომლობაზე, უცხოელი სტუდენტების დაინტერესებასა და საქართველოში მოზიდვის გზებზე, ინფრასტრუქტურის დახვეწაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მხედველობაში იქნება მიღებული.