მთავარი გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭომ მრავალსაათიანი სხდომის პირველივე წუთებში მიიღო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. სია განსახილველად და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა. ერთადერთი ვინც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ნაზი ჯანეზაშვილია. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა, იყო ინტერესთა კონფლიქტის და ნეპოტიზმის ნიშნებიც. ამბობს, რომ გადაწყვეტილებით ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში ძლიერდება და ირღვევა შარლ მიშელის შეთანხმება.
ბრალდებები უპასუხოდ არ დაუტოვებიათ იუსტიციის საბჭოს მოქმედ და ყოფილ მდივანს, ამბობენ, რომ ნეპოტიზმს და ინტერესთა კონფლიქტს კანონი მკაცრად აკონტროლებს, გარდა ამისა, უარყოფენ შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევას. განმარტავენ იმ მიზეზებსაც, რის გამოც მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არ შეაჩერეს.
ახლა უკვე პროცესის შეჩერებას პარლამენტს მესამე სექტორი ურჩევს. თუკი მათ რეკომენდაციას დეპუტატები არ გაითვალისწინებენ, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები კანონმდებლებს მოუწოდებენ გადაწყვეტილებები ფართო კონსენსუსის შედეგად მიიღონ. საკითხზე დღეს რამდენიმე ორგანიზაციამ საერთო განცხადებაც გაავრცელა.
ბრძოლა იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაუქმებლად პარლამენტში გრძელდება, ოპოზიცია აპირებს გამოიყენეს საპარლამენტო უფლებამოსილების ყველა შესაძლებლობა, რათა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის დამტკიცება საკანონმდებლო ორგანოში არ მოხდეს. ხელისუფლების ოპონენტები ქართულ ოცნებას შარლ მიშელის დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტაციასა და მის დარღვევაში ადანაშაულებენ.
ბრალდებები სრულიად მიუღებელია ქართული ოცნებისთვის, სადაც ამბობენ, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით და პროცესის პარლამენტში გაგრძელებით შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი არ დარღვეულა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ სასამართლო სისტემაში არაერთი რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ახლა პარლამენტში გადადის. საკანონმდებლო ორგანოში 9-ვე კანდიდატს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე მოუსმენენ, რის შემდეგაც მათი დამტკიცება მოხდება. უზენაეს სასამართლოში გამწესებისთვის მოსამართლეობის კანდიდატებს 76 ხმა სჭირდებათ.