დევნილთა სახლებში დაბრუნების და საკუთრების უფლება, იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებები და რუსეთის ოკუპაციის შედეგები- ეს არის ამონარიდი გაეროს 75-ე სესიაზე მიღებული რეზოლუციიდან. დოკუმენტს რომელიც ასამბლეაში 2008 წლიდან არის წარდგენილი, მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა.
გაეროს ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მოწოდება ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეების მიმართ. გააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. რაც თავის მხრივ დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს შეუწყობს ხელს.
დოკუმენტი გმობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლში ღირსეულად და უსაფრთხოდ. ამასთან ხაზგასმულია მათი საკუთრების დაცვის აუცილებლობა. გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრემიერ მინისტრი და პარტნიორ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.