17 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
რომის ქართულ სამრევლოს სან სალვატორე აიმონტის ეკლესია გადაეცა

რომის ქართულ სამრევლოს "სან სალვატორე აიმონტის" ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა. ტაძარი სამრევლოს ვატიკანის სახელმწიფოში, ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცეს. საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპის ვიკართან განიხილა.

"ძალიან კარგად მესმის ამ ეკლესიის მნიშვნელობა, რამეთუ მე ეს გზა გავლილი მაქვს, პარიზში ქართული ეკლესია მამაჩემის დაარსებული იყო. მინდა ამ ეკლესიის მრევლს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და გთხოვოთ თქვენც, როცა ყველას გადასცემთ ამ ძალიან სასიხარულო ამბავს, ჩემგანაც გადასცეთ ეს ძალიან დიდი სიხარული და მილოცვა. კოვიდპანდემიის გამო ძალიან მძიმე წელი გვქონდა და მინდა ვისურვო, რომ მომავალი წელი იყოს ბევრად უფრო იოლი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქართული სამრევლოსათვის ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესიის გადაცაცემის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.

ასევე, ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს "ბამბინ ჯეზუ" ბაზაზე, რომში რამდენიმეკვირიან გადამზადებას გაივლიან. ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფო გადაუდებელი და იშვიათი შემთხვევებისას, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით საქართველოს დახმარებას გაუწევს. შეთანხმებას ვატიკანში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიაღწია. შესაბამისი მემორანდუმის გაფორმება თბილისში მოგვიანებით საავადმყოფოს ხელმძღვანელის ჩამოსვლის დროს მოხდება.

დღის ამბები