17 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
ნარკოდანაშაული, კოვიდ შეზღუდვები, სასამართლო სისტემა - ნინო ლომჯარიამ ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხა

უკვე რამდენიმე საათია პარლამენტი სახალხო დამცველს უსმენს.

პატიმრების მდგომარეობა, არაფორმალური მმართველობა პენიტენციურ დაწესებულებებში, პრობლემები სასამართლო სისტემაში, ნინოწმინდის პანსიონი, ჯანდაცვის სერვისები და გახმაურებული საქმეები - ეს არის თემების ჩამონათვალი, რომელიც ნინო ლომჯარიას 486 გვერდიან ანგარიშში მოხვდა. დარბაზში იყო კითხვებიც:

"სახალხო დამცველი საუბრობს, რომ ნარკოდამოკიდებული უნდა განიხილებოდეს პაციენტად და არა სისხლის სამართლის დამნაშავედ, მე ასეთი კითხვა მაქვს, ადამიანები, რომლებიც ციხეში სხედან ნარკოდანაშაულზე, რამდენად თვლის სახალხო დამცველი, რომ ეს ადამიანები არიან ავადმყოფები და რამდენად სწორია ნარკომომხმარებლების ავადმყოფებად განხილვა,"- მიმართა პარლამენტის წევრმა, პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ ომბუდსმენს.

ნინო ლომჯარია: - "ჩვენ პაციენტი ვახსენეთ და არ ვფიქრობ, რომ ეს არასწორი იყო, რადგანაც დამოკიდებულება, ეს არის სამედიცინო ჩვენება და ესეც ისეთივე ავადმყოფობაა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერს დაემართოს. რაც შეეხება ამნისტიას, ეს ალბათ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ბრალდეულები არიან შეძენა-შენახვისთვის,"- ასე უპასუხა იაგო ხვიჩიას ნინო ლომჯარიამ

კითხვები იყო სახალხო დამცველთან კოვიდ შეზღუდვებზეც: ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ლომჯარიას ჰკითხა როგორია მისი დამოკიდებულება იმ შეზღუდვებზე, რომელიც პარლამენტის გვერდის ავლით დააწესა მთავრობამ. რაზეც სახალხო დამცველმა უპასუხა, რომ "ის შეზღუდვები, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო გამართლებული პანდემიის დასაწყისში, რა თმა უნდა, აღარ შეიძლება დღესაც გამართლებული იყოს. პარლამენტმა უნდა დაიწყოს მსჯელობა, რომ რაც შეიძლება მეტი ბერკეტი დაიბრუნოს პარლამენტმა და რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვის გამოყენების საშუალება დარჩეს მთავრობას,"- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ. 

სალომე სამადაშვილმა ომბუდსმენს სასამართლო სისტემაზე დაუსვა შეკითხვა. 

"როგორც ვხედავთ ზემოქმედების ბერკეტები ამ ხელისუფლებაზე სხვა არ არსებობს თუ არა მუქარა, სანქციები. ფიქრობთ თუ არა თქვენ, რომ არსებობენ საქართველოში მოსამართლეები, რომლებიც უნდა იყვნენ შეყვანილი სანქცირებული ადამიანების ჩამონათვალში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ,"- ჰკითხა პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა ნინო ლომჯარიას

"ეს ძალიან პოლიტიკური საკითხი და პოლიტიკური დისკუსიის საგანია. რაც შეეხება სასამართლო სისტემის დემონტაჟს, მე მომხრე ვარ ამ კუთხით რადიკალური ნაბიჯის გადადგმის, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერად უნდა გაკეთდეს,"- უპასუხა ნინო ლომჯარიამ



დღის ამბები