პარლამენტი დღეს სახალხო დამცველს უსმენდა - პატიმრების მდგომარეობა, არაფორმალური მმართველობა პენიტენციურ დაწესებულებებში, პრობლემები სასამართლო სისტემაში, ნინოწმინდის პანსიონი, ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელიც ნინო ლომჯარიას 486 გვერდიან ანგარიშში მოხვდა. ამის შემდეგ კი დეპუტატებს შორის დისკუსიის ნაწილი დაიწყო, სადაც მცირე კამათიც მოხდა.
ასევე კითხვები გაჟღერდა კომენდანტის საათთან დაკავშირებითაც, რომელსაც მმართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ კომენდანტის საათი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ინფიცირების შემთხვევები შემცირდეს.
"ჩვენ გვაქვს მთავრობაში შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო, სადაც არიან როგორც ჯანდაცვის ექსპერტები, ასევე ეპიდემიოლოგები, შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება. თვითონ კომენდანტის საათის მიზანს რაც შეეხება, მიზანი არის ის, რომ იყოს მობილობა შემცირებული ინფიცირების შემთხვევების შემცირების გამო," - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი.
ბექა დოჭვირს "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა უპასუხა: "კომენდანტის საათი ვერ და არ აგვარებს ამ პრობლემებს და პირიქით, გარკვეულწილად ამძიმებს კიდეც ვითარებას,"- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, კითხვა შეეხო "თბილისი პრაიდის" მოახლოებულ ღონისძიებას. პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ უმრავლესობის დეპუტატებს ჰკითხა, აქვთ თუ არა "თბილისი პრაიდთან" კომუნიკაცია და რას აპირებენ ისინი 5 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით? რაზეც მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა.
"ივენდიპის ჩართულობით გაიმართა შეხვედრა, სადაც ჩვენი წარმომადგენელიც იღებდა მონაწილეობას. მათ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც აღნიშნული ღონისძიების გამართვას უკავშირდება. მათი მხრიდან კი, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ ისინი არ განიხილავენ არც ლოკაციის შეცვლას და არც რაიმე ტიპის მოდიფიცირებას. პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს,"- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.