პარლამენტის საგამოძიებო კომისია ამ წუთებში არასამთავრობო ორგამიზაციების წარმომადგენლებს უსმენს. დეპუტატებს არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა მიაწოდა. ამის შემდეგ კი კომისიის წევრები კიდევ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უნდა გაესაუბრონ.
როგორც NGO-ების წევრები ამბობენ, ისინი მზად არიან ყველა ის ინფორმაცია მიაწოდონ საგამოძიებო კომისიის წევრებს, რაც მათ დააინტერესებს, მათ შორის გამოვლენილ დისბალანსთან დაკავშირებით, რომელიც მათ გასაჩივრებულიც ჰქონდათ.
საია-ს წევრები აღნიშნავენ, რომ ხარვეზები არა მხოლოდ 31 იქტომბერს გამოვლინდა, არამედ, წინასაარჩევნო პერიოდიც.
"როდესაც უბნებში არის მეტობები და როდესაც გადათვლის გარეშე ზეპირი ახსნა-განმარტებებით, რომლის სარწმუნოებასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არსებობს, არ გაცემულა ბოლომდე ამ კითხვებზე პასუხები, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რომ შეიძლება მომავალში ძალიან ცუდად იყოს გამოყენებული. აქედან გამომდინარე ერთია, რომ შეიძლება იქ შეცდომა იყო დაშვებული, თუმცა ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკის მომასწავლებელი სამომავლოდ," - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.
იქამდე, სანამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დაიწყებოდა შეხვედრა, საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის წევრები: მდივანი და თავმჯდომარე პასუხობდნენ. მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რაზეც ისინი საუბრობდნენ, კომისიის წევრები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა.
"ვაწყდებით შეცდომებს, რომლებიც კომპეტენციის ნაკლებობიდან გამომდინარე იყო. ამიტომ ამის თაობაზე კომისია შეიკრიბება ცალკე იმისთვის, რომ გააანალიზოს ის შედეგები, რომლებიც ამ გასაუბრებების და მიღებული ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე არის და მინდა დაგარწმუნოთ, რომ რეგლამენტიდან გამომდინარე კომისია იმსჯელებს, რომ მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კონკრეტული უფლებამოსილი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე," - განაცხადა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.