17 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავების მიმართულებით - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ, ანა ბიერდესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებაში ჩართულობა სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. 

როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს ეკონომიკისთვის.

"ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს მსოფლიო ბანკთან აკავშირებს. განვიხილეთ ჩვენი პროექტები, ის ძალიან მნიშვნელოვანი პორტფელი, რომელსაც მსოფლიო ბანკი მართავს ჩვენს ქვეყანაში. მინდა შეგახსენოთ, რომ პორტფელის საერთო მოცულობა შეადგენს 2,7 მილიარდ ამერიკულ დოლარს, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, დაახლოებით 70-მდე პროექტის დასაფინანსებლად. ამჟამად ბანკის მიმდინარე 13 აქტიური პროექტის მოცულობა შეადგენს დაახლოებით მილიარდ დოლარს, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.

მადლიერებით მინდა აღვნიშნო მსოფლიო ბანკის ჩართულობა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების მიმართულებით. ვისაუბრეთ ასევე პროფესიული განათლების საჭიროებებზე და ამ მიმართულებით ერთობლივად უფრო მეტი ძალისხმევის განხორციელებაზე. ასევე ენერგეტიკის მიმართულებით, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ. ასევე ქალბატონ ანას გავაცანით ჩვენი ხედვა, რომელიც შეეხება მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების მომზადებას. მთავრობა აქტიურად მუშაობდა ბოლო თვეების განმავლობაში ამ მიმართულებით. ჩვენ უკვე პირველი დრაფტი, დოკუმენტი, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი უკვე მათ შორის ჩვენი ძალიან წარმატებული დონორისთვის, მსოფლიო ბანკისთვის და მე მას ვთხოვე აქტიურად ჩართვა ამ პროცესში, რათა მეტი რჩევა და კონსულტაცია მივიღოთ ამ მიმართულებით, რათა კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება, ჩვენი მთავრობის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, რაზეც მე მივიღე პოზიტიური პასუხი ქალბატონი ანასგან, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ამ მიმართულებითაც,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები