17 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვატიკანთან ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ურთიერთობები გაღრმავდეს და განმტკიცდეს.

პრეზიდენტმა რომის პაპთან პირისპირ შეხვედრისას რეგიონში შექმნილი ვითარება და რეგიონულ ჭრილში საქართველოს როლი განიხილა. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს მედიაციის მნიშვნელობას. საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიალოგის გარეშე კონფლიქტების დაძლევა და სიტუაციის დეესკალაცია შეუძლებელია. 

" საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ, რომელზეც მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომლის განვითარების შესაძლებლობებიც გაიხსნა კულტურასა და განათლებაში ამ დღეებში გამართული შეხვედრების შედეგად. 

საუბარი შეეხო ბავშთა ონკოლოგიის საკითხებს, რომელიც საქართველოსათვის ერთ-ერთი სერიოზული საკითხია და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფომ მზაობა გამოხატა, რაც საქართველოსათვის ძალიან სასიხარულო ფაქტია.

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპთან კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა პატარა ქვეყნების როლზე და მათი გაძლიერების მნიშვნელობაზე, რადგან პატარა ქვეყნებს ცალ-ცალკე არ შესწევთ ძალა, რომ მსგავს გლობალურ თემებთან დაკავშირებით გაიტანოთ საკუთარი ხმა და პოზიცია.

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკითხი საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საჩუქრად გადასცა მეფე დემეტრე I-ის ავტორობით შექმნილი საგალობლის "შენ ხარ ვენახი" ხელნაწერი ნოტები, რომელიც სპეციალურად რომის პაპისათვის გადაიწერა, წიგნი ქართული კულტურის შესახებ და წიგნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების შესახებ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების საუკეთესო ღვინოების ნაკრები. ასევე, გადასცა პატრიარქის საჩუქარი,"- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, პრეზიდენტის ვიზიტით, ვატიკანთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. 

დღის ამბები