როდის დატოვებენ შარლ მიშელის დოკუმენტზე საკუთარ ხელმოწერას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები, ამ დრომდე უცნობია - "ნაციონალურ მოძრაობაში" ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, პარტიის ლიდერების ნაწილი ხელმოწერაზე თანახმაა მას შემდეგ, რაც ამნისტიის კანონი იქნება მიღებული, მეორე ნაწილი უარს ამბობს, მესამე კი არ გამორიცხავს, რომ მოწერა-არმოწერის საკითხი პოლიტსაბჭოზე გაიტანონ.
პარტიის თავმჯდომარესთან ერთად ამერიკაში ვიზიტად მყოფი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით ამერიკაში დიდი ინტერესია, სწორედ ამიტომ მას შემდეგ, რაც ამნისტიის კანონი მიღებული იქნება "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდება.
ის, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრების ხელმოწერები დოკუმენტზე იქნება, დარწმუნებულია მმართველი გუნდი. მმართველი ძალა "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთხელ მოუწოდებს კონსტრუქციულობისა და თანმიმდევრულობისკენ.
აზრთა სხვადასხვაობის გამო "ნაციონალურ მოძრაობას" გადაწყვეტილების მისაღებად, სავარაუდოდ, პარტიის პოლიტსაბჭოს მოწვევა დასჭირდება. პოლიტიკურმა გაერთიანებამ 6 თვიანი ბოიკოტი დაახლობით 2 კვირის წინ შეწყვიტა, თუმცა პარლამენტში საქმიანობა ისე დაიწყო, რომ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია. ის კი, ვის გამოც ისტორიულ დოკუმენტში პატიების აქტი ჩაიდო, ამნისტიაზე ისევ უარს ამბობს.
შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი "ნაციონალურ მოძრაობაში" უთანხმოების მიზეზი ჯერ კიდევ 2 თვის წინ გახდა. პარტიის და საარჩევნო ბლოკის უკვე ყოფილი წევრები თანაგუნდელების პოზიციას შეცდომას უწოდებენ და იმედი აქვთ, რომ შტატებში გამართული ვიზიტი ამაზე გავლენას მოახდენს.
დაგვიანებული და კონკრეტული პირობის სანაცვლოდ შეთანხმებაზე ხელმოწერა მმართველი პარტიისთვის სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოპონენტები შეთანხმებას სრულფასოვნად შეუერთდებიან. "ქართული ოცნებისთვის" დოკუმენტში ცვლილებები მიუღებელია.
ამნისტიის 2 კანონპროექტიდან საბოლოოდ დეპუტატების მხარდაჭერა მმართველი პარტიის ვერსიამ მიიღო. ოპოზიციის ვარიანტი "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო. 2 მოსმენით უკვე განხილულ დოკუმენტს დეპუტატები მესამე მოსმენით უახლოეს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.