მოხდა თუ არა ფიზიკური ძალადობა საქართველოს მოქალაქეზე საბერძნეთის ციხეში. "კურიერმა" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა მამაკაცთან, რომელიც ახლა ათენის ციხეშია.
საქართველოს მოქალაქეს ყაჩაღობა ბრალდება, ის დანაშაულს უარყოფს და ამბობს, რომ აღიარების მოტივით მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ათენში დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი კორიდალოს ციხიდან "კურიერს" დაუკავშირდა. ის სამართალდამცავების მხრიდან მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს და ყვება, რომ 4 დღის განმავლობაში აწამებდნენ. მიზანი ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის აღიარება იყო.
პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე საქართველოს საელჩოს ინფორმაცია არ აქვს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს ბერძენი სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომების შესახებ ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებია, თუმცა საელჩო ფაქტის გადამოწმებას და შესაბამის რეაგირებას გეგმავს.
გიორგი ხარძეიშვილი ამ დროისთვის საპატიმროში იმყოფება. მას ბრალი ყაჩაღობისთვის აქვს წარდგენილი, დანაშაულს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე უარყოფს.
მეორე მძიმე დანაშაული კი, რომლის აღიარებასაც ხარძეიშვილს აიძულებდნენ, 20 წლის ქალის მკვლელობაა. ის, რომ ბრალი აბსურდული იყო, ორი დღის წინ დადასტურდა, როცა მოკლულის მეუღლემ დანაშაული აღიარა.
საბერძნეთში დაკავებულ ქართველს მკვლელობის მუხლით ბრალი არ უმტკიცდება, თუმცა ის საპატიმროში მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით ამ დრომდე რჩება. გიორგი ხარძეიშვილი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
ავტორი:ხათუნა გაგნიძე