ცესკოს თავმჯდომარეს დღეს პარლამენტში ელოდებიან. თამარ ჟვანია 2020 წლის არჩევნების საგამოძიებო კომისიის სხდომას დაესწრება.
კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს იმ კითხვებს დაუსვამენ, რომელზე პასუხებიც საინტერესო იქნება როგორც მათთვის, ასევე ზოგადად საზოგადოებისთვის. თამარ ჟვანიას დღეს საგამოძიებო კომისიის ფორმატში მოუსმენენ.
როგორც ცნობილია, საგამოძიებო კომისია საქმიანობას განაგრძობს. ცნობისთვის, გასულ კვირას კომისიის სხდომაში მონაწილეობა იმ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა, მდივნებმა და წევრებმა მიიღეს, რომელთა დაკავშირებითაც გარკვეული საგამოძიებო ხარვეზები დაფიქსირდა.
კომისიის წევრების განცხადებით, ეს არის ძირითადად ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომელთაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არა აქვთ.
როგორც ირკვევა, დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი იქნება.
"ვლინდება რიგ შემთხვევებში ტექნიკური ხასიათის შეცდომები, რიგ შემთხვევებში კომისიის წევრთა მხრიდან პასუხისმგებლობის ნაკლები შეგრძნება, რის გამოც ეს შეცდომები იყო გამოწვეული, ისევე როგორც რიგ შემთხვევებში კომპეტენციის ნაკლებობაზე გვაქვს საუბარი. ამიტომ, ამ მიმართულებით ცესკოს თავმჯდომარესთან დაისმება არა ერთი შეკითხვა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ.
საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომა 14:00 საათზე არის ჩანიშნული.