2020 წლის არჩევნების საგამოძიებო კომისია მუშაობას აგრძელებს. პარლამენტში ცეკოს თავმჯდომარეს უსმენენ. თამარ ჟვანიასთან კითხვები ქართული ოცნების და ევროპელი სოციალისტების წევრებს აქვთ. ოპოზიციის სხვა წევრები სხდომას არ ესწრებიან.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ და ასევე კომისიის მდივანმა, დავით ზილფიმიანმა, თამარ ჟვანიას საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ითქვა ის, რომ ცენტრალური ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო კომისიამ ორი ათეული საარჩევნო უბანი შეარჩია და სპეციალური მთვლელების მეშვეობით ამ საარჩევნო უბნების შედეგები ხელახლა გადაითვალა.
ასევე, საუბარი შეეხო იმ მეთოდოლოგიასაც, რაც გამოიყენეს საგამოძიებო კომისიის წევრებმა. საუბარია იმ რამდენიმე ათეულ ხარვეზიან საარჩევნო უბნის შედეგებზე, რომელიც არჩევნების საერთო შედეგებს გამოაკლდა იმის საჩვენებლად, ჰქონდა თუ არა აღნიშნული უბნის შედეგებს რაიმე ზეგავლენა საბოლოო მონაცემებზე. კომისიის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ შემთხვევაში სხვაობა არის უმნიშვნელო, რაც 31 ოქტომბრის საბოლოო და ოფიციალურ შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს.
"თავიდანვე ვიყავით დარწმუნებულები საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომ არანაირი მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა საარჩევნო ადმინისტრატორების მხრიდან, რომელიც, რაიმე შედეგთან დაკავშირებით, რაიმე გადაცდომას და რაღაცა განსხვავებულ შედეგს დააყენებდა. მთავარი ჩვენი იარაღი, საარჩევნო ადმინისტრაციის, არის ამ შემთხვევაში სიმართლე, სტატისტიკური და ფაქტობრივი მონაცემები, ის მტკიცებულებები და ის საბუთები, დოკუმენტები, რომლებიც არსებობს და რაც მთავარია გამჭვირვალობა," - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ერთადერთი ღირებული რამ, რაც მას შეუძლია შესძინოს საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესს არის მხოლოდ გადადგომა. იგივე პოზიციაზეა პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძეც.