03 სექტემბერი 2026,   19:57
ვრცლად
ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში - პროტესტი ფინანსთა მინისტრის მოხსენებას მოჰყვა, რომელშიც საუბარია ტერიტორიების ელექტრონულ აუქციონზე გატანაზე

ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში - სხდომას ის მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებიც უკვე 1 თვეა მიწების დაკანონების მოთხოვნით აქციებს მართავენ.

მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა ფინანსთა მინისტრის მოხსენებას, რომელშიც საუბარია ტერიტორიების ელექტრონულ აუქციონზე გატანაზე.

მოქალაქეები ფართომასშტაბიანი აქციების გაგრძელებას და პიკეტირებებს აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ელექტრონული აუქციონის გზით თვითნებურად აპირებს მათი მამაპაპეული მიწების გასხვისებას, ამის საშუალებას კი კატეგორიულად არ მისცემენ.

""სხდომის მერე შეგხვდებით" აზრს კარგავს იმიტომ, რომ ძალიან მარტივი ამბავია, ეუბნებით, რომ ამ მიწის გაყიდვის შედეგად მიღებულ ფულს რაღაცაზე უკვე დავხარჯავთ. ამაზე ხელი უნდა ასწიოთ ახლა და მერე რას იზამთ, აწეულ ხელს ჩამოწევთ?" - აცხადებს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კირთაძე.

რაც შეეხება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას, მინისტრი "კურიერთან" საუბარში აცხადებს, რომ მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მოდის თანხვედრაში მოქმედ კანონმდებლობასთან, ამდენად ვერ მოხდება აღნიშნული მიწების პრივატიზება, შესაბამისად მოქალაქეთა პრეტენზია არის უსაფუძვლო.

"ბოლო თვე-ნახევარში 300-ზე მეტმა თანამოქალაქემ მოახდინა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შედეგად მიწების აღიარება. უნდა აღვნიშნო, რომ ბობოყვათის ნაკვეთთან მიმართებაში მოქალაქეებს არა აქვთ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციები და შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ უფლებას მათ ვუღიაროთ ეს. იქნება ეს ბობოყვათის თუ სხვა რომელიმე ნაკვეთი, სრულიად გამჭვირვალედ, ყველა კანონის დაცვით ვახორციელებთ აუქციონებს და რა თქმა უნდა ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება," - აცხადებს ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.

დღის ამბები