პარლამენტში, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მსჯელობა 6 საათი სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა.
კომიტეტზე კანონპროექტის კენჭისყრას მხარი მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ დაუჭირა. იურუდიული კომიტეტის სხდომა დილის 4 საათამდე გაგრძელდა. დეპუტატებმა კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს.
"არის საკითხები, სადაც უკვე ნათელია, რომ არ არის მზაობა მმართველი გუნდისგან, იგივე ვენეციის კონვენციის რიგი რეკომენდაციების გათვალისწინების. სურათი მაინც ბუნდოვანია იმიტომ, რომ ბევრ საკითხზე ძირითადად დავაფიქსირეთ ოპოზიციურმა პარტიებმა ყველა ის მოსაზრება კონკრეტულ ფორმულირებებთან დაკავშირებით, რომლებიც გვგონია, რომ ახლა არის პრობლემური და მმართველი ძალისგან ძირითადად არის პოზიცია, რომ მონიშნულია და შემდგომი სამუშაო შეხვედრისთვის უნდა იყოს საბოლოო პოზიციის გამოკვეთა," – განაცხადა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები ბევრად უფრო გამჭვირვალე იქნება. ის დარწმუნებულია, რომ მომავალ კვირას საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტს ოპოზიციის სრული მხარდაჭერა ექნება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, მათ რეალურად ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
ეს იყო პირველი საკომიტეტო მოსმენა მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები გამოაქვეყნა.