საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე დღეს პარლამენტის წევრის იმუნიტეტთან დაკავშირებულ ინიციატივაზე უნდა იმსჯელონ. ცვლილება შარლ მიშელის დოკუმენტს უკავშირდება და ის დეპუტატის იმუნიტეტის მოსახნელად არსებული 51 ხმის ნაცვლად 90 დეპუტატის თანხმობას ითვალისწინებს.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს ცვლილება სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით ხდება.
"შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო აღქმა იმისა, რომ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული ყოფილიყოს გარკვეული პოლიტიკური მიკერძოებულობით, ან ერთი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებით, ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს წინადადება, რომ არა უბრალოდ უმრავლესობა, არამედ სიითი შემადგენლობის 3/5 გახდეს საჭირო, რათა პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დადგეს და გადაწყდეს," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
სავარაუდოდ, რეგლამენტში შესატან ცვლილებას დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.