არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებზე, რომლებიც 2013-2021 წლებში განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს ფორმალურად მიიჩნევს, კიდევ ერთხელ აკეთებს განცხადებას საქართველოში აშშ-ის ელჩი. კელი დეგნანი ყურადღებას 19 აპრილის შეთანხმებასა და მის შესრულებაზე ამახვილებს. სწორედ 19 აპრილის შეთანხმებაშია ერთ-ერთ პუნქტად გაწერილი სასამართლო რეფორმის აუცილებლობა.
კელი დეგნანი ამბობს, რომ რეფორმების განხორციელებამდე უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.
"სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჩემს მოწოდებაზე მნიშვნელოვანი არის ის შეთანხმება, რაზეც პოლიტიკურმა პარტიებმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს. ეს დოკუმენტი კი გულისხმობს, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს სანამ რეფორმები განხორციელდება. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ აქტიური დებატებით გადაწყვეტენ, როგორი რეფორმები სურთ.
შეთანხმება არის შეთანხმება, საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ ამბობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს. ეს ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი დაპირებაა. პარლამენტს ახლა ვალდებულება და პასუხისმგებლობა აქვს კონსტიტუციით და 19 აპრილის შეთანხმებით, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი შეაჩეროს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ასევე დებატები," - აცხადებს კელი დეგნანი.