6 თვით გახანგრძლივდება კანონი, რომლითაც მთავრობას პანდემიის პირობებში შეზღუდვების ამოქმედება შეუძლია. ცვლილებების მიხედვით, შესაბამის უწყებებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა გაატარონ შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ მიმართული აკრძალვები და სხვა ღონისძიებები.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძის განცხადებით, პარლამენტი სანოტარო ბიუროდ არის ქცეული, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აბსოლუტურად ყველაფერს უდასტურებს.
"საქართველოს პარლამენტი გადაქცეულია ჩვეულებრივ სანოტარო ბიუროდ, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს უდასტურებს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს ხელისუფლება კი არაერთხელ შემჩნეული იქნა იმაში, რომ პანდემია გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე," - აცხადებს დავით კირკიტაძე.
პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" კი მთავრობის პასუხისმგებელი პირებისგან ანგარიშის წარდგენას მოითხოვს, თუ რა სასიკეთო ცვლილება გამოიწვია შეზღუდვების გაგრძელებამ.
"ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მოვიდეს მთავრობის პასუხისმგებელი პირები, გააკეთონ ანგარიში რა მოგვცა გაგრძელებამ ამ შეზღუდვების, რა შედეგები გვაქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ უფლებამოსილების მინიჭება მთავრობისთვის, რაც ნიშნავს შეზღუდვების გახანგრძლივებას," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მთავარი არსია, მთავრობას ჰქონდეს სწრაფი რეაგირების საშუალება.
"პანდემია არ წასულა არსად, დედა აზრი ამ გადაწყვეტილების ის არის, რომ სწრაფი რეაგირების საშუალება ჰქონდეს მთავრობას, რაც არ ნიშნავს აპრიორი, რომ მაინც და მაინც გამკაცრებისკენ იქნება და დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამას აჩვენებს. თუ კი იქნება შესამსუბუქებელი, რომ მაქსიმალურად სწრაფად შემსუბუქდეს ეს ზომები, აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია," - განაცხადა დავით სერგეენკომ.
გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტზე უკვე განიხილეს. მისი დამტკიცება კი პლენარულ სხდომაზე მოხდება.