პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის ხმაურითა და დაპირისპირებით მიმდინარეობდა. პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა 51-დან 90-მდე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების პაკეტი ყველა მხარისთვის მისაღებია, ოპოზიცია და ხელისუფლება მაინც ვერ თანხმდება.
შალვა შავგულიძე მიიჩნევს რომ იმუნიტეტის მოსახსნელად ხმათა რაოდენობა არა 90-მდე, არამედ პარლამენტართა რაოდენობის 2/3-მდე უნდა გაიზარდოს.
"ნაციონალური მოძრაობაც" მიიჩნევს, რომ საჭირო ხმათა რაოდენობა 100-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, თუ დღის წესრიგში მისი ან ბადრი ჯაფარიძის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დადგება, ამას არანაირი კენჭისყრა არ დასჭირდება და ისინი თავად ჩააბარებენ მანდატს.
ოპოზიციის განცხადებებს კეკლუცობას უწოდებს "ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური.
თამარ კორძაია პარლამენტის მიერ აღებულ ტვირთს უწოდებს ნიკა მელიასთვის 2-ჯერ მოხსნილ იმუნიტეტს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია პირნათლად ასრულებს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს და ამ კონტექსტში ხდება პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტთან დაკავშირებით ცვლილებებიც შეტანაც.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" აქვს ინიციატივა, რომ მთავარი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატს იმუნიტეტი მოეხსნას პარლამენტის დადგენილებით და ამ დადგენილების მისაღებად საჭირო იყოს დეპუტატთა რაოდენობის 3/5-ის თანხმობა.