17 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
2008 წლის ომის შემდგომ მიღებული რეზოლუცია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ისევ ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი ურთიერთბრალდებების მიზეზი ის რეზოლუცია გახდა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიიღო. "ქართული ოცნების" განმარტებით მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც ქართულმა მხარემ ცხინვალში საბრძოლო მოქმედებებისას კასეტური ბომბები გამოიყენა. "ნაციონალურ მოძრაობის" კრიტიკას კი დარბაზში ხმაური მოყვა. განცხადებები გაკეთდა დარბაზს გარეთაც.

"იყო სადავო ნაწილი, რომელიც იყო მოთხოვნილი რუსეთის დიდი ზეწოლის შედეგად, რომელსაც მაშინ დათანხმდა საერთაშორისო საზოგადოება, მაგრამ სამაგიეროდ მთელი რეზოლუცია არის აგებული იმაზე, რომ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა და რუსეთი იყო აგრესორი. მას შემდეგ არაერთი რეზოლუცია მიღებულა, მას შემდეგ მთელი საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია ამაზე.

მე ვთხოვ და მოვუწოდებ უმრავლესობას, ასეთი რაკურსით ამ თემის დაყენება, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესები ზიანდება, შეწყვიტოს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

მოღალატეობრივს უწოდებს რეზოლუციის ჩანაწერს და ამ რეზოლუციის მხარდაჭერას მამუკა მდინარაძე და ყოფილ ხელისუფლებას შეცდომების სხვაზე გადაბრალებაში ადანაშაულებს. ამასთან დეპუტატის თქმით, ყოფილ ხელისუფლებას არც იმაზე უზრუნია, რომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებები მოეპოვებინა და წარედგინა, ამის მაგალითად კი მდინარაძემ გორის ცენტრში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებული კასეტური ბომბის საქმე მოიყვანა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის თქმით, გორში კასეტური ბომბის ჩამოგდების ნივთმტკიცება სტრასბურგში წარდგენილ სარჩელს 2018 წელს დაემატა:

"სამწუხაროდ, ნივთმტკიცების სახით, რაკეტის ნარჩენები საქმის მასალაში არ იყო. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოშიც არ იყო წლების განმავლობაში წარდგენილი და მხოლოდ 2018 წელს "ქართული ოცნების" მთავრობამ, იუსტიციის  სამინისტროს აქტიური ძალისხმევის შედეგად მოვიპოვეთ და დავამაგრეთ საქმეში, რუსული მხარის ნარატივი იყო, რომ ეს არ მომხდარა და თუ მოხდა რატომ არ ჰქონდა საქართველოს ნივთმტკიცებები,"- განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

დღის ამბები