სახალხო დამცველი პარლამენტშია - ნინო ლომჯარია დეპუტატებს 2020 წლის ანგარიშს აცნობს. მთავარი აქცენტები 486-გვერდიან დოკუმენტშია.
სახალხო დამცველმა პარლამენტში გამოსვლა არასრულწლოვანთა უფლებებზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, 2020-წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა დაფიქსირდა.
"არ შეიძლება სიღარიბე ბავშვის ოჯახიდან გამოყვანისა და სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის საფუძველი გახდეს. არამედ, ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს ოჯახების გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის. ამის მიუხედავად, 2020 წლისათვის, სახელმწიფო ზრუნვაში 315 არასრულწლოვანია გადაყვანილი, მათი 15%-ის შემთხვევაში, სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის საფუძველი იყო ოჯახების სიღარიბე. აღნიშნული კი ზრდის ბავშვების ინსტიტუციაში განთავსების რისკებს, ამის ნათელი მაგალითი კი, ნინოწმინდის პანსიონში განვითარებული მოვლენებია,"- აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.