კორუფცია საოკუპაციო რეჟიმის მაღალჩინოსნებში და ქრთამები, რომლის საშუალებითაც ოკუპანტები მოსახლეობის ხარჯზე მდიდრდებიან - ენგურის ხიდზე არსებული მდგომარეობით DRI დაინტერესდა.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ინფორმაციით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ პირთა ასაკობრივი ზღვარი, რომელთაც ენგურის ხიდზე მოძრაობა ეკრძალებათ, რაც პოტენციურ ქრთამის გამცემთა რაოდენობას მკვეთრად ზრდის.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ენგურის ხიდის გადალახვა და ნებისმიერი ტვირთის, მათ შორის, აკრძალული საქონლის გადატანა-გადმოტანა ქრთამის სანაცვლოდ - 2000-3000 რუსულ რუბლადაა შესაძლებელი.
DRI-ის ინფორმაციით, გალის მცხოვრებმა ფარულად გადაიღო ე.წ. საზღვარზე ქრთამის გადაცემის ფაქტი და ინტერნეტით გაავრცელა. ამ რეალობის სააშკარაოზე გამოტანას მოქალაქეების საპროტესტო აქციაც მოჰყვა. აქციის შედეგად, გალის რეგიონის ადმინისტრაცია ადგილობრივებს დაპირდა, რომ ეს შეზღუდვები მოიხსნებოდა, თუმცა, ერთადერთი "საშეღავათო" ცვლილება ისაა, რომ "მესაზღვრეები" 3000-ის ნაცვლად 2000 რუსულ რუბლს იღებენ ქრთამად.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს აღნიშნული "რეგულაციების" მძიმე ეფექტი მოსახლეობაზე.