საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს დღეს პარლამენტი მუხლობრივად განიხილავს. საკითხს კანონმდებლებმა მეორე მოსმენით კენჭი უნდა უყარონ.
იქამდე, დეპუტატები მორიგი კონსულტაციებისთვის შეიკრიბებიან. კითხვები ამ დრომდე არსებობს სხვდასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის არის საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირებაც.
ცვლილების მიხედვით, თუ აქამდე პარტიებს ჰქონდათ ვალდებულება საარჩევნო სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის ყოფილიყო, ახლა ეს ყოველი მესამეთი იცვლება.
"არ არის საჭირო შეიცვალოს ქალების კვოტირებასთან დაკავშირებული მუხლი და ყველა პარტიას შეუძლია, რომ თავისი საარჩევნო სიები გააკეთოს ისე, რომ ყოველი მეორე იყოს ქალი, ამის პრობლემა დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. პარტია, რომელიც ამბობს, რომ ამის პრობლემა არის, ამ საკითხს ხელოვნურად წარმოაჩენს ისე, თითქოს პრობლემა იყოს აქტიური ქალების საჯარო პოლიტიკაში ყოფნა ადგილობრივ დონეზე,"- აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
გენდერული კვოტირების შესახებ კრიტიკის პასუხად შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ცვლილებას "შარლ მიშელის ფრაქციამ" მეორე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა, ამიტომ მათი პრეტენზიები მხოლოდ პოლიტიკური პოზაა.
"რა თქმა უნდა, დარჩება საკითხები, რომელზეც ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ ეს არის რამდენიმე პარტიის ერთობლივი შრომის პროდუქტი და აქ შეიძლება ყველა დეტალი არ იყოს გათვალისწინებული. მთავარია, მის არსში, მიზნებსა და პრინციპებზე ვთანხმდებოდეთ.
რაც შეეხება ქალთა კვოტირებას და იმ ფაქტს, რომ ამ საკითხზე სტრატეგია აღმაშენებელმა ისაუბრა, ეს მგონი პოლიტიკური ცინიზმია. შარლ მიშელის ფრაქციამ მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას მეორე მოსმენით კომიტეტში. მიკვირს, მაგრამ გასაგებია, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკური პოზა,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.