17 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
გახარია-სააკაშვილი აშშ-ში - "ოცნებაში" ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერის კავშირი ენმ-სთან კიდევ ერთხელ დადასტურდა, ენმ კი მექანიკურ დამთხვევაზე საუბრობს

გახარია-სააკაშვილის შეხვედრა ვაშინგტონში - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ყოფილი პრემიერის კავშირი "ნაციონალურ მოძრაობასთან". მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი დამთხვევები პოლიტიკაში არ არსებობს.

"გული მწყდება, რომ გახარია მათ რიგებში აღმოჩნდა. არსებობს მორალური ნაწილი ამ თემის და არსებობს საგანგებო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა დღეს. სტაბილურობა აუცილებელია. დესტაბილიზაციის მომხრე დღეს, გუშინდელი სადისტური მმართველობა მისი არის ის თემა, რომელიც უნდა იყოს ტოქსიკური ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურისათვის," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.

"ნაციონალურ მოძრაობაში"​ კი გახარია-სააკაშვილს შორის შეხვედრასა და მოლაპარაკებას გამორიცხავენ. ენმ-ში ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია უბრალოდ დამთხვევა ან სპეკულაცია ყოფილიყო. გარდა ამისა, პარტიაში ამბობენ, რომ მათგიორგი გახარიას გუნდთან საერთო არაფერი აქვთ.

"სასტუმროებს უკვეთავს მიმღები მხარე. ეს არის მექანიკური დამთხვევა, რა თქმა უნდა, დაემთხვა. როგორც მერე გავარკვიეთ, როდესაც გახარიამ გაიგო, რომ ჩვენი დელეგაცია იქ იყო, მეორე ღამით გადავიდა სხვაგან," - განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძე.

გიორგი გახარიას გუნდში ფაქტს უარყოფს, თუმცა პარტია "საქართველოსთვის" წევრები პარლამენტში ამ დრომდე არ გამოჩენილან.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკური პარტიების წევრების განცხადებებს, მათ გახარია-სააკაშვილის შეხვედრის შესახებ საუბარი უჭირთ. 

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ნაკლებად აინტერესებს შეხვდნენ, თუ არა ერთმანეთს გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, არც ერთ მათგანთან წინასაარჩევნოდ თანამშრომლობას არ აპირებს.

დღის ამბები