კორონავირუსის შეზღუდვების გამო დაჯარიმებული ფიზიკური და იურიდიული პირების დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. ხელისუფლების ოპონენტები, მმართველ გუნდს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
უმრავლესობის ლიდერები პრემიერის ინიციატივას მიესალმებიან და გადაწყვეტილების არჩევნებთან დაკავშირებას გმობენ.
"მე ვფიქრობ, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მოსყიდვის ინტერესი, რომ ყოფილიყო გაკეთდებოდა ეს ყველაფერი სექტემბერში, მაგრამ გაკეთდა ახლა. აქედან ჩანს, რომ არავითარი კავშირი ამას არჩევნებთან არ აქვს,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ხელისუფლება ჯარიმების ხარჯზე თავს არ ინახავს.
"დღეს ვითარება არის შეცვლილი და ცხადია, რომ ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანების ჯარიმის ხარჯზე ხელისუფლებას ინახავს. ეს კი მხოლოდ მისასალმებელია,"-აღნიშნა ღუდუშაურმა.
საუბარია 245 ათასზე მეტ მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირზე. დღეს გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ მინისტრმა ისაუბრა, მისი თქმით, მოტივი პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. საუბარია 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.