აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ჩვენი შანსი ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე - ასეთი გზავნილი ჰქონდა დავით ზალკალიანს ადენაუერის ფონდში გამართულ დისკუსიაზე. ასოცირებული ტრიოს მინისტრებმა, საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას ერთიან მიზნებზე და გამოწვევებზე ექსპერტებთან ისაუბრეს, ასევე ევროპულ მომავალზე, რუსეთიდან მომდინარე აგრესიაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალინმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის შანსი ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებისთვის.
"გვაქვს გამოწვევები და მზად ვართ ეს გამოწვევები მივიღოთ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეული ამისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. მათ შორის რეფორმების მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს, იქნება ეს ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვადასხვა მიმართულებით. სამივე ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე რუსეთია. რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავების პროცესს აფერხებს. იქნება ეს ჩვენი ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტის რღვევაში მონაწილეობა თუ პოლიტიკური ხელისშემშლელი ნაბიჯების გადადგმა.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები თანადგომას გამოხატავენ და დაგვეხმარებიან საერთო მიზნის მიღწევაში. ჩვენ ვემზადებით 2024 წლისთვის, საქართველოს პრემიერ მინისტრი აქტიურად მუშაობს ჩვენი შესაძლებლობების ზრდაზე, რათა მოხდეს წევრობაზე განცხადების წარდგენა,“ - დავით ზალკალიანი.
უკრაინის საგარეო საკითხთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ საქართველო მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირთან დაახლოებას საერთო ძალებით ცდილობს.
"რაც შეეხება ჩვენი სამეულის გამოწვევებს ევროკავშირის წევრობის გზაზე, შესაძლოა გამოწვევები განსხვავდებოდეს და სხვადასხვა სიმძიმის იყოს, თუმცა საქართველო მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირთან დაახლოებას საერთო ძალებით ცდილობს. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიესალმა ევროკავშირიდან მომავალ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნები, ჩვენი სამეული სრულად არის მზად გადავიდეს ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე და იმედი გვაქვს, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა,“ - აცხადებს დმიტრო კულება.
მოლდოვას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, საგარეო საკითხთა მინისტრმა, აურელიო ჩოკოიმ, განაცხადა რომ სამმხრივი თანამშრომლობა გაძლიერდება და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი ამ მონდომებას შესაბამისად აღიქვამს.
"ჩვენ ვცდილობთ საერთო ძალებით და დასავლეთის მხარდაჭერით შევქმნათ უსაფრთხოების განცდა რეგიონში, რუსეთიდან მომავალი საფრთხე აფერხებს ჩვენი ქვეყნების პროგრესს. ვაგრძელებთ სამმხრივ თანამშრომლობას და იმედი გვაქვს ევროკავშირი ამას შესაბამისად აღიქვამს," - ამბობს აურელიო ჩოკოი.
დიპლომატები ამ წუთებში ევროპარლამენტში იმყოფებიან. ისინი იმ ევროდეპუტატებს ხვდებიან, რომლებიც საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საკითხებზე მუშაობენ.