უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა პარლამენტში ისევ ურთიერთ ბრალდებების მიზეზია. დღეს მამუკა ხაზარაძემ დააზუსტა, რომ ამ საკითხის გამო ბოიკოტს ჯერ არ აპირებს.
"ვიღაცამ ისე გაიგო რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა ბატონებო თქვენ მარტო არ დაგტოვებთ. არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ ამ დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია. 2 თვე არ გაქვთ იმისათვის, რომ ახალი კანონი მივიღოთ. გეჩქარებათ ხო? მაშინ უნდა ამიხსნათ ან კლანის გავლენის ქვეშ ხართ, ან რუსული ინტერესი ტარდება ამ ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში მე ვერ გავიგებ ეს დაჩქარებული მოსამართლეების დანიშვნა რას ნიშნავს," -აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. გუშინ მან განაცხადა, რომ თუ "ქართული ოცნება" დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას, "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტიდან გავა.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებას, რომ მოსამართლეების დანიშვნისა და შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო დღის წესრიგში შესაძლოა დადეს სანქციების, როგორც ზეწოლის მექანიზმის საკითხი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პასუხობს და ამბობს რომ სანქციებს თავად ოპოზიცია უნდა ელოდოს, რომელიც შეთანხმებას არ ასრულებს:
"ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბუნებრივია ვერ და არ გადაიხედება. ტყუილია, რომ ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს, პირიქით ვმოქმედებთ ზუსტად მიშელის დოკუმენტის შესაბამისად - ეს ერთი და მეორე - ხალხი დაიღალა, საზოგადოება დაიღალა ამ მუდმივი საუბრებით შესვლაზე-გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდა გაუკეთებიათ. სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.