17 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
კელი დეგნანი: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს პროცესი მანამ, სანამ რეფორმის სრულად განხილვა მოხდება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ და საერთაშორისო მეგობრები მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანდეს.

კელი დეგნანის თქმით, აღნიშნულ ორგანიზაციებში გასაწევრიანებლად, საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.

ელჩის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული დისკუსიების შემდეგ უნდა მოხდეს. ამიტომ, პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს პროცესი მანამ, სანამ რეფორმის სრულად განხილვა არ მოხდება.

"საქართველოს მეგობრები, საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ განხორციელდეს ქვეყნის მისწრაფება NATO-ში გაწევრიანებისკენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ და საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ამ ძალისხმევის მიღწევაში. ასე, რომ ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, როდესაც საქართველოში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 19 აპრილს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა ასევე სასამართლო რეფორმაზე შეთანხმებას. ახლა ჯერი იმაზეა, რომ ის ვალდებულებები, რაც გაწერილია ამ ხელშეკრულებაში, შესრულდეს. ამ საკითხზე პარლამენტის და ასევე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან შეხვედრები მქონდა.

19 აპრილის შეთანხმებაში ძალიან კარგად არის წარმოჩენილი ის გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს უვადოდ მოსამართლეების განწესების დროებით შეჩერებას მანამ, სანამ არ მოხდება ინკლუზიური და ფართო დებატები სასამართლოს რეფორმაზე.

19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ძალიან ფართო, ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა, ეს დღემდე არ განხორციელებულა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს რეფორმის თაობაზე დისკუსია და მსჯელობა იყოს ინკლუზიური პროცესი. ზუსტად ეს გახლავთ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი მანამ, სანამ რეფორმის სრულად განხილვა მოხდება. ეს, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება ქართველი ხალხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.

თავის განცხადებაში კონგრესმენმა შაჰინმა და ჯონსონმა ხაზი გაუსვეს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის. სწორედ ამ მხარდაჭერას ვუწევდით საქართველოს ბოლო 25 წლის მანძილზე და ჩვენ ახლაც მზად ვართ იგივე გავაგრძელოთ," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები