ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მოწოდებას, რომელიც მოსამართლეების შერჩევის პროცესის დროებით შეჩერებას გულისხმობს, ოპოზიციაში მნიშვნელოვან გზავნილად აფასებენ.
"კელი დეგნანი ჩვენზე მეტად დარდობს და ფიქრობს საქართველოს წარმატებაზე. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. აქამდე, "ქართული ოცნება" რა წყალწყალა რეფორმებსაც სასამართლოს ტალღებად ასაღებდა, ახლა რეალურად ნამდვილი რეფორმები უნდა დავიწყოთ, ეს დიდი ეროვნული ამოცანაა,"- აღნიშნავს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.
ოპოზიციაში ასევე თვლიან, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება, შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში დარღვევაა.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ზედმიწევნით შესრულდა, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესიც არ უნდა შეჩერებულიყო.
"ქართულ ოცნებაში" ასევე ამბობენ, რომ მათი ყველა მოქმედება, შარლ მიშელის შეთანხმების გამოძახილია.
"მართლმსაჯულების რეფორმა ხანგრძლივი პროცესია. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხს, ამას ეხება არა მართლმსაჯულების რეფორმა, არამედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულება. ეს რეკომენდაცია კი, ზედმიწევნით შესრულდა აპრილში,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი.
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი პარლამენტს მიმართავს, შეჩერდეს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, სანამ რეფორმის წარმატებით განხილვა და განხორციელება მოხდება.