19 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
"არ ახსოვს მომხდარის შესახებ"- პოლიციელის ცემაში ბრალდებულის ადვოკატი

გორში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავის არეში დაზიანებები ახალგაზრდა მამაკაცმა მიაყენა. ფიზიკური დაპირისპირება თვითმხილველების თქმით პატრულის მიერ მოქალაქის გაჩერებას მოყვა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თავდამსხმელი დაკავებულია.

დაკავებულის ადვოკატი აქცენტს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აკეთებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს:

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის სტუდენტი, არის წარმატებული ბავშვი, ძალიან დადებითად ხასიათდება, ეს შემთხვევა აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს მისი ჯანმრთელობის გართულებულ მდგომარეობას. მას არ ახსოვს მომხდარის შესახებ, არც დეტალები და ზოგადად არ ახსოვს რა მოხდა," - აცხადებს ადვოკატი თამარ თედიაშვილი.

დაშავებულ პატრულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება კლინიკა "გორმედში" გაეწია და ის უკვე სახლში გაწერეს.

დღის ამბები