17 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
50-წუთიანი სიტყვის შემდეგ, პრემიერს დეპუტატები 2 საათის განმავლობაში კითხვებს უსვამდნენ - რა აინტერესებდათ პოლიტიკოსებს

პრემიერის 50-წუთიანი სიტყვის შემდეგ, პარლამენტში, თითქმის ორი საათი, დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილს კითხვებს უსვამდნენ. 

სიღარიბე, სოციალურად დაუცველების და ომის ვეტერანების დახმარებები, მთავრობის წევრების მაღალი ხელფასების ფონზე, ნეპოტიზმის ფაქტები, თაღლითური მანიპულაციით მითვისებული თანხები, რომელშიც, შესაძლოა, მაღალჩინოსნებიც მონაწილეობენ, პოსტ პანდემიური ეკონომიკური პოლიტიკის გეგმა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ თემების, რაზეც ოპოზიციამ დარბაზში კითხვები დასვა.

"ბატონო ირაკლი, ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს თქვენ ეუბნებით, რომ ყოველდღიურად 1 ლარად და 50 თეთრად გამოიკვებონ. 6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე, ბატონო ირაკლი, თქვენს საათში, 300 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი. ამაზე ძვირადღირებულიც თუ გაქვთ, არ ვიცი და თქვენ ამბობთ, რომ ხალხზე მზრუნველი მთავრობა ხართ," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"მინდა გკითხოთ, როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის "შემოიჭერს ქამრებს", როდის შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯს, ელემენტარულად, ამ შავი "ჯიპებიდან" როდის გადმოსხდებით," - მიმართა კითხვით პრემიერს პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. 

კითხვები იყო 5 ივლისს დაგეგმილ პრაიდზეც. პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, პრემიერს გარანტია სთხოვა იმაზე, რომ მარშის მონაწილე თითოეული პირი დაცული იქნება ამ დღეს მოსალოდნელი სხვადასხვა საფრთხისგან. 

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა მამუკა ხაზარაძემ კი, პრემიერს ჰკითხა, თუ რა მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში დატოვებს ის პრემიერ-მინისტრის პოსტს. 

პრემიერის მისამართით დეპუტატების კითხვების დასმის პროცედურა უკვე დასრულდა, ამ წუთებში სხდომაზე გამოცხადებულია შესვენება, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი დაგროვებულ კითხვებს პასუხს გასცემს. 

შეკითხვები ჰქონდათ უმრავლესობის წევრებსაც. რატი იონათამიშვილის შეკითხვა ნამახვანჰესს ეხებოდა, კონკრეტულად კი, რა ეტაპზეა მოლაპარაკების მიმდინარე პროცესი. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა კი პრემიერს ანაკლიის პორტზე ჰკითხა, თუ რა ფაზაშია ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობის ახალი ტენდერის გამოცხადებაზე მზადების საკითხი. 

დღის ამბები