17 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტში - სხდომა, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში განახლდება

3 საათზე მეტია, რაც პლენარულ დარბაზში დეპუტატები მთავრობის გასული წლის შესახებ ანგარიშს განიხილავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას და პლენარულ სხდომათა დარბაზში მყოფ დეპუტატებს მისი პრემიერობის 100 დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიში ჩააბარა.

ასევე, საუბარი შეეხო იმ 10 წლიან სამოქმედო გეგმას, რომელზეც მთავრობა ამ დროისთვის აქტიურად მუშაობს და ეს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, შემოდგომისთვის უნდა იყოს მზად.

რაც შეეხება გასული წლის სამთავრობო ანგარიშს, ეს არის 151 გვერდიანი საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი. ოკუპაციას და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ პრობლემებს  საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გასული წლის ანგარიშში.

მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ძალიან აქტიურ ნაბიჯებს დგამს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით და ამ კუთხით მან საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში მშვიდობის გარანტის როლს იბრუნებს და ამ კონტექსტში მან ახსენა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო თანამონაწილეობით და ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება.

საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომათა დარბაზში ახლა არის შესვენება. სხდომა, დაახლოებით, 19:15 საათზე განახლდება. პრემიერ-მინისტრი სხდომის განახლების შემდეგ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.

დღის ამბები