კითხვაზე - როდის გაათავისუფლებენ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქარველოს მოქალაქეებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა მანამდე ოპონენტებს წლების წინანდელ ფაქტებს ახსენებს - ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ხელისუფლებამ 2008-2012 წლებში, ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში "ოფიცრები ჩატოვა".
"რუსეთის ფედერაციაში ამ ვაჟბატონებმა და ქალბატონებმა ჩვენი გმირი ოფიცრები ჩატოვეს 2008 წლიდან 2012 წლამდე. უპატრონოდ ჩატოვეს დაზვერვის ოფიცრები, სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ.
ბატონო ირაკლი [ბერაია], გთხოვთ, რომ მოიწვიოთ ნდობის ჯგუფი დაიბარონ დაზვერვის უფროსი. მე ვიყავი მაშინ შს მინისტრი და შემდეგ პრემიერი, როდესაც გამოვიყვანეთ მათ მიერ ჩატოვებული ოფიცრები.
უმძიმეს პირობებში იყვნენ, ციმბირის ციხეებში იყვნენ გადასახლებული,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, 2015 წელს პირადად აწარმოა მოლაპარაკება დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოქალაქეების გამოსაშვებად.
"სრულად გამოუშვეს ყველა მოქალაქე, ოფიცრები ციხიდან და 4 პატიმარი ცხინვალის საპატიმროებიდან, ჯამში 14 ადამიანი.
კითხვა რომ გაქვთ, მე რა გავაკეთე - ეს გავაკეთე. თქვენ რა გააკეთეთ? თქვენ ჩატოვეთ ჩვენი გმირი ოფიცრები რუსეთში, ცხინვალში და სოხუმში. ჩვენ მაქსიმალურად, ყველა დონეზე ვმუშაობთ, ჩართულია საგარეო საქმეთა მინისტრი, ყველა შესაბამისი უწყება, რომ გამოვიყვანთ ბატონ გახელაძეს, ბებუასაც და ყველას. ეს არის ჩვენი პასუხი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.