საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ანგარიშს ოპოზიციის წევრები აფასებენ. ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენების შემდეგ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ვერც ერთ კითხვაზე ღარიბაშვილისგან ამომწურავი პასუხი ვერ მიიღეს.
ხელისუფლების ოპონენტები უარყოფითად აფასებენ 8 საათიან სხდომას პარლამენტში და ამბობენ, რომ მათ მიერ დასმულ კითხვებზე პრემიერ-მინისტრისგან პასუხები ვერ მოისმინეს.
"ყვავის კორუფცია, ეკონომიკა არის დაცემული, 9 წლიანი წარუმატებელი მმართველობის პორტრეტი. შეიძლება ასე ვუწოდოთ დღევანდელ განხილვას. 2 წუთიანმა შეკითხვებმაც კი გამოავლინა მთელი ის უზარმაზარი პრობლემები, რაც არის საქართველოში და ხელისუფლებაში," - აცხადებს რომან გოცირიძე.
პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, კითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო.
"მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა, ეს არ იყო იმ ადამიანის მოხსენება, რომელსაც შეიძლება ებაროს ქვეყანა," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილი.
კრიტიკულად აფასებს პრემიერ-მინისტრის მოხსენებას პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.
"ეს იყო ამ გაღატაკებულ ქვეყანაში უფასო სეირი ხალხისთვის. წყლის ნაყვა, ზიზღი, სიძულვილის ფოიერვერკი, უსაგნო კამათი ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. კატასტროფა იყო, იმის მაგივრად, რომ გველაპარაკა ხალხის რეალურ პრობლემებზე," - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
კითხვებზე პასუხი მიიღო, თუმცა სხდომის მიმდინარეობით და იქ გამოთქმული განცხადებებით უკმაყოფილოა პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" წევრი დავით ზილფიმიანი.
"მე მივიღე კითხვაზე პასუხი, მე ძალიან ვწუხვარ, მე ვთქვი, რომ არ არის ეს ჩემი ბუნებრივი გარემო. კრიტიკა, ხმამაღალი ტონიც, ყველაფერი მოსულა, ამას რათ უნდა ლაპარაკი, მაგრამ ზიზღი და ცინიზმი ეს არის ძალიან ცუდი," - აცხადებს დავით ზილფიმიანი.