არასრულწლოვნების გაუპატიურების და სხვა სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდებულ მამა-შვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
დაკავებულების საქმეზე სენაკის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული მათ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გაასაჩივრონ, მას შემდეგ რაც ჩაბარდებათ სასამართლოს განჩინება და ბრალდებულებთან კონსულტაციებს გაივლიან.
"ბრალდებით წარდგენილ ყველა ნაწილთან დაკავშირებით, ბრალდებული განმარტავს, რომ დანაშაული არ აქვს ჩადენილი და დუმილის უფლებას ირჩევს. მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით,“ - აცხადებს ადვოკატი, ზაზა კვირკველია.
არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე 63 და 36 წლის მამა-შვილს პოლიციამ ბრალი გუშინ წარუდგინა.
ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამეგრელოს რეგიონში არასრულწლოვნების გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს გუშინ სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა. ადგილობრივები დამნაშავეების ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ.