17 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის წარმატებული მედიაციისათვის მადლობა გადაუხადეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს და ევროპისა და საერთაშორისო საკითხებში ავსტრიის ფედერალურ მინისტრ ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მინისტრების მისია რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარებისთვის ძლიერი სიგნალია, რომ ევროკავშირი ხელს უწყობს მშვიდობასა და უსაფრთხოებას  სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ფასილიტაციისა და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ხაზი გაესვა რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული მედიაციისთვის, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა მნიშვნელოვანი მასალები დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

საუბარი შეეხო საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების წარმატებულ ვიზიტს ბრიუსელში, რომელიც ახლად ჩამოყალიბებული ასოცირებული ტრიოს ფორმატში შედგა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა გააძლიერონ ასოცირებული ქვეყნების ტრიოს ჩართულობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობაში მოწინავე ქვეყანაა, რომელიც განუხრელად ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და ევროკავშირის, როგორც მათ შორის  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის კიდევ უფრო მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, რათა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მიღწეული იყოს ხელშესახები შედეგები.

მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის საჭირო ძალისხმევაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ყოვლისმომცველ სტრატეგიას, რომლის მიზანია დეოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.

მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულები იქნებიან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები – ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. პრემიერმა ხაზი გაუსვა სტრატეგიის განხორციელებაში საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ უკვე შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს და დოკუმენტი საბოლოო სახეს წლის ბოლოს მიიღებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი, ევროკავშირის საგარეო ქმედებების სამსახურის მმართველი დირექტორი რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა, ცენტრალური აზიის, რეგიონალური თანამშრომლობისა და ეუთო-ს საკითხებში მაიკლ ზიბერტი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ.

დღის ამბები