რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ twitter-ის გვერდზე ევროკავშირის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტთან დაკავშირებით წერს. ბოგდან აურესკუ წერს, რომ საქართველოს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვეს, ასევე დაგმეს მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი.
"მივესალმეთ საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში, ხაზგასმით აღვნიშნეთ სასამართლო სისტემაში გატარებული სათანადო რეფორმები, საქართველოს აღვუთქვით ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის, სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის მიმართულებით და დავგმეთ მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი," – ეს განცხადება twitter-ის გვერდზე ბოგდან აურესკუ ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
შეგახსენებთ, ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს გუშინ ეწვივნენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მანდატით აღჭურვილი მინისტრები გვიან ღამით თბილისში ერევნიდან ჩამოფრინდნენ. სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში სამეულის ვიზიტის თემა რეგიონული უსაფრთხოებაა.