twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს, რომ რეფორმების განხორციელება საქართველოს ევროპული მომავლის გასაღებია.
ეს ჩანაწერი twitter-ის გვერდზე ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
"ბატონ ღარიბაშვილს და ბატონ ზალკალიანს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ჯოზეფ ბორელის სახელით ევროკავშირის მხარდაჭერის გზავნილი გადავეცი," - წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი twitter-ის გვერდზე.
მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს მხარეებმა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ იმსჯელეს.
შეგახსენებთ, ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს გუშინ ეწვივნენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მანდატით აღჭურვილი მინისტრები გვიან ღამით თბილისში ერევნიდან ჩამოფრინდნენ. სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში სამეულის ვიზიტის თემა რეგიონული უსაფრთხოებაა.