17 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
პარტია "საქრთველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის ოფისს ტოვებს

პარტია "საქრთველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის ოფისს ტოვებს. პარტიის რეგიონული ხელმძღვანელის განცხადებით, ფართის მეპატრონე, რომლისგანაც ოფისი აქვთ ნაქირავები, ხელშეკრულებას ვადაზე ადრე წყვეტს.

პარტიაში ამბობენ, რომ ის მმართველმა გუნდმა დააშინა და ამის გამო გადაწყვიტა ხელშეკრულების შეწყვეტა.

ირაკლი მიქელაძის განცხადებით, ობიექტის მფლობელმა მიზეზად პარტიის მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა დაასახელა. მიქელაძის თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტთან პოლიტიკურ ალიანსში ყოფნის ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება და ეს აბსურდია.

ირაკლი მიქელაძის თქმით, ფართის მეპატრონე დააშინეს, ის ზეწოლის ქვეშ იმყოფება და სწორედ ამიტომ მოითხოვა ოფისის დაცლა. 

"სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები ღიად გვიფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი დიდი სურვილისა მოგვაქირაონ ოფისი, ვერ ახერხებენ იმ დაშინებისა და შანტაჟის გამო, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. თუ ყველა ადამიანს შეაშინებენ ამ ქალაქში და რეგიონში რომ ვერ მოგვაქირაონ ოფისი, ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლებშიც კი გავხსნით ოფისს და გავაგრძელებთ მუშაობას," - აცხადებს პარტიის ”საქართველოსთვის” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე.

პარტია ოფისს უახლოეს დღეებში დატოვებს.

დღის ამბები