ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამხრეთ კავკასიაში ტურნეს შეჯამებისას ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაში ევროკავშირის როლს. თუმცა აღნიშნეს, რომ მცდელობის მიუხედავად, კავკასიის რეგიონში არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნების ევროინტეგრაციას. ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსული ოკუპაცია და საოკუპაციო რეჟიმების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებები დაგმეს.
რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის ფონზე რამდენად რეალურია საქართველოს სურვილი, გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე - ეს კითხვა "კურიერმა" ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს დაუსვა. მინისტრების თქმით, ევროკავშირი საქართველოს მარტო არ დატოვებს, თუმცა, თავის მხრივ, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები.
ავსტრიის, ლიეტუვას და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამხრეთ კავკასიური ტურნე რეგიონალურ უსაფრთხოებას მიეძღვნა, თუმცა მინისტრებმა საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარებაც განიხილეს.
სამი კოლეგის თბილისში ვიზიტი, დავით ზალკალიანის აზრით, საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობას ადასტურებს. ვიცეპრემიერის შეფასებით, ჟოზეფ ბორელის მანდატი ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ავსტრიის, ლიეტუვას და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამხრეთ კავკასიური ტურნე დაასრულეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ მთავრობის ხელმძღვანელ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. საგარეო უწყების ხელმძღვანელები ადგილზე ვითარების გასაცნობად საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდნენ.