17 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
ქართველ ხალხს აქვს პარტნიორების ნდობა რეგიონში, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებების პროცესში - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

საქართველომ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, რადგან ქართველ ხალხს აქვს პარტნიორების ნდობა რეგიონში - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა რუმინეთის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს განსაკუთრებული როლი აკისრია რეგიონში უფრო მეტი ნდობისა და სტაბილურობის შექმნაში და მას შეუძლია ლიდერის როლი ითამაშოს რეგიონში.

"ვთვლი, რომ საქართველომ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი, რადგან ქართველ ხალხს აქვს პარტნიორების ნდობა რეგიონში, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებების პროცესში, განსაკუთრებით კი მოლაპარაკებებში ისეთ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მათ შორის არსებული სირთულეები არ აძლევს გამოსავლის პოვნის შესაძლებლობას. პირველ წარმატებას ყოველთვის ახლავს მოლოდინი და შემიძლია ვთქვა, რომ აქ მოლოდინი ძალიან მაღალია და ეს კარგია. ეს ნიშნავს კარგ ნაბიჯს წინ. თუკი საქართველოს ექნება საკმარისი დრო და შესაძლებლობა, იგი არსებით როლს შეასრულებს რეგიონში. საქართველო აროს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ასოცირების ტრიოს - არაფორმალური ჯგუფის მონაწილე სამხრეთ კავკასიაში. ზოგადად, ეს წარმოადგენს ხიდს და უნიკალურ შესაძლებლობას, თუკი იქნება დახმარება ევროკავშირისგან და სხვა პარტნიორებისგან, აშშ-ისგან. ვთვლი, რომ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი და მოხარული ვარ, რომ გვაქვს ეს დისკუსია დღეს.

შეხვედრების დროს სომხეთზე და აზერბაიჯანზე საუბრისას, ხაზი გავუსვით, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ნდობის ჩამოყალიბებაში. დისკუსიები ამასთან დაკავშირებით დაიწყო და ბედნიერები ვართ, რომ ევროკავშირი ჩართული იყო პროცესში საქართველოს ლიდერებთან ერთად, რის შედეგადაც მოხდა აზერბაიჯანში დაკავებულების გაცვლა და ასევე სომხეთმა დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა აზერბაიჯანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ნაბიჯი გახლავთ და იმედი მაქვს, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდება.

როდესაც ნდობა იქნება შესაბამის დონეზე, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ევროკავშირის ჩართულობაზე, რომელიც მთელი რეგიონის კავშირს გააძლიერებს, იქნება ეს გაზის, ელექტრო ენერგიის მიწოდება თუ რკინიგზა. ევროპას გააჩნია ამის ნოუჰაუ. ჩვენ გაგვიკეთებია სხვა ქვეყნებში და ეს იქნება სასარგებლო მთელი რეგიონისთვის. ჩვენ რამდენიმე კარგი შეხვედრა გვქონდა დღეს, ბევრი საკითხი წამოიჭრა, რამდენიმე საკითხს გავუსვამ ხაზს, რომელსაც მე ვხედავ როგორც ძალიან მნიშვნელოვანს. ჩვენ ვისაუბრეთ ბატონი გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხზე. ეს ძალიან მწვავე საკითხია საქართველოს მთავრობისთვის და ჩვენ რეალურად მხარს ვუჭერთ მათ მოთხოვნას, რომ უკანონოდ დაკავებული პიროვნება უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული პატიმრობიდან.

ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით, რომ ხელშეკრულებები, სადაც ევროკავშირი მონაწილეობს, უნდა იყოს შესრულებული და მას პატივი უნდა სცენ. ჩვენ მაღალი შეფასება მივეცით საქართველოს მონაწილეობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის გაჩენის პროცესში. საქართველოს განსაკუთრებული როლი აკისრია რეგიონში უფრო მეტი ნდობისა და სტაბილურობის შექმნაში. მას შეუძლია ლიდერის როლი ითამაშოს რეგიონში, მოხარული ვარ, რომ პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმულია," - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

დღის ამბები