იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა იგეგმება. მოსამართლეები დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ. მათ შორის, დისკუსია შეეხება საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომელთა განხილვის შეჩერებას ოპოზიცია მოითხოვს.
"არაჯანსაღი ზეწოლა ხდება სასამართლოზე, შესაბამისად, შეწუხებულია ძალიან ბევრი მოსამართლე, აქედან გამომდინარე შევიკრიბებით სასამართლო კორპუსი.
ვერავინ ვერ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, როდესაც წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დაარღვია კანონი. პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და შესაბამისად, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო კორპუსი ვალდებულია შეასრულოს კანონი," - განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კაციანი სია წარუდგინა. წარდგენილი კანდიდატები არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.