17 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
"ფაქტობრივად ხდება საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია სასამართლოს წინააღმდეგ" - ნინო ქადაგიძე

დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა გაიმართა. მოსამართლეები შეხვედრაზე სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობდნენ.

დისკუსია შეეხებოდა საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომელთა განხილვის შეჩერებას ოპოზიცია მოითხოვს.

მოსამართლეებმა საერთო განცხადება მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლეთა კორპუსი გმობს იმ დეზინფორმაციის კამპანიას, რომელიც როგორც თავად აცხადებენ, მიმართულია სასამართლო სისტემის წინააღმდეგ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით,  მოსამართლეთა კორპუსში არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს.

"მოსამართლეთა კორპუსის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ამასთან, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, სასამართლოს წინააღმდეგ საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია ხდება.

"ფაქტობრივად ხდება საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია სასამართლოს წინააღმდეგ. არც ერთი საკითხი, არც ერთი ნორმა არ შეიძლება ვინმეს მიერ დასახელებული იქნას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დაიცვა. ჩვენ არ გვქონდა რაიმე საკანონმდებლო მექანიზმი, ჩამკეტი ბერკეტი, რომელიც ამ პროცესებს შეაჩერებდა.

დღესვე, ამ წუთასვე მე შემიძლია თქვენ წაგიყვანოთ უზენაეს სასამართლოში და გაჩვენოთ რა მდგომარეობაა სეიფებში. თითო მოსამართლეს 400-500 საქმე აწერია," - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ.

 

დღის ამბები