17 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა დღეს რიგგარეშე სესიაზე გაგრძელდება

დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა რიგგარეშე სესიაზე გაგრძელდება. სიტყვით გამოსვლა იქნება კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უმრავლესობის ფორმატში.

პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ დღეს გააკეთებენ ძალიან ზუსტ შეფასებებს და პრემიერს საკმაოდ მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუწევს.

"ეს არ იყო ანგარიში და მოხსენება, ეს იყო ილუზორული გეგმა 10 წლის, რომელსაც განხორციელება რა თქმა უნდა არ ეღირსება ისევე, როგორც არც ერთ იმ დაპირებას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გასცა, ამიტომ დიახაც, დღეს ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ზუსტ იმ პოლიტიკურ შეფასებებს, რომელიც იქნება ოპოზიციიდანაც და შესაბამისად, რა თქმა უნდა პრემიერს მოუწევს ძალიან მწვავე კრიტიკის მოსმენა," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სანამ ვეტერანების დახმარება არ გაიზრდება, არ მოისვენებს.

"პენსიონერებთან დაკავშირებით რომ არის მზაობა, რომ სასწრაფოდ შეიქმნას კომისია, დღეს ამასაც დავაზუსტებ თუ როდის შეიქმნება, რომ არ იძარცვებოდნენ პენსიონერები 36%-იანი სესხით," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი და პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ძალიან მწვავე გამოსვლა ექნება.

"ძალიან მწვავე გამოსვლა მექნება, დაელოდეთ, კონკრეტული ციფრებით და ფაქტებით. 10 წელიწადში გეშველებათო, "მიმინო" გამახსენდა "Через 5 лет помогу" რომ გეტყვის დაახლოებით, აი ზუსტად ასე იყო მათი მთელი შინაარსი. ვფიქრობ, 2030 წელს, თუ ასე გაგრძელდა, ქართველ ხალხს შეგვიყვანენ წითელ წიგნში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარ როლს ხედავს მხოლოდ იმაში, რომ ნებისმიერ საკითხზე საკუთარი კრიტიკული აზრი ჰქონდეს და შინაარსში არ შედიან.

"იქნება საგნობრივი დისკუსია ჩვენი მხრიდან, ვნახოთ ოპოზიცია როგორ მოიქცევა. მათ შორის ნახეთ, რომ პრემიერის მოხსენებაც იყო ორიენტირები სრულად საქმეზე და იმ შედეგებზე, რომელიც მთავრობას ჰქონდა ამ 1 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება შეფასებებს, აქ ვფიქრობ, რომ გასაგებია ოპოზიციის მხრიდან დამოკიდებულება ერთის მხრივ, საკუთარ როლს ხედავენ მხოლოდ იმაში, რომ ნებისმიერ საკითხზე საკუთარი კრიტიკული აზრი ჰქონდეთ და შინაარსში არ შედიან," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარის განცხადებით, მმართველი გუნდის მოლოდინია, რომ გამოსვლები და დებატები პოლიტიკურ მხარეებს შორის გაგრძელდება.

დღის ამბები