54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დგება. ამჯერად მიზეზი კანონია, რადგან, რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატს, რომელიც სხდომების ნახევარზე მეტს აცდენს, მანდატი უწყდება.
ახლა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად საპატიო იყო ოპოზიციის არდასწრება პარლამენტში. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საკითხი ფორმალურია და შარლ მიშელის დოკუმენტი წინასწარ განაპირობებს პარლამენტის გადაწყვეტილებას.
"ფორმალური საფუძველი ექნება, რადგან შარლ მიშელი ჩამოვიყვანეთ იმისთვის, რომ ოპოზიცია შემოსულიყო და ახლა ვისაც შემოსვლა უნდა ის ხალხი გავრიცხოთ, მგონი არასერიოზულია,"- აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.
რაც შეეხება უმრავლესობას, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს ტექნიკური საკითხია. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას მმართველი გუნდის მხარდაჭერა არ ექნება.
"ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ პარლამენტში გააგრძელონ საქმიანობა, ცხადია, რომ პარლამენტი რეგლამენტის დაცვით იმოქმედებს. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ უკვე ეს ვალდებულება შეასრულეს ცალკეული შემთხვევების გარდა, გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რასაც ითვალისწინებს რეგლამენტი,"-აცხადებს მმართველი გუნდის წევრი ალუდა ღუდაშაური.