17 ნოემბერი 2024,   01:23
ვრცლად
კოვიდრეგულაციების დარღვევებზე ამნისტიის კანონპროექტი ბიუროზე გადის - დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეებს 76 მილიონი ჩამოეწერებათ

კოვიდრეგულაციების დარღვევებზე ამნისტიის კანონპროექტი ბიუროზე გადის. 245 ათასზე მეტ მოქალაქეს  76 მილიონი ლარის ჯარიმა უნდა ჩამოაწერონ. პრემიერის ინიციატივა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

ოპოზიციის ნაწილისთვის ინიციატივა უსამართლოა იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო ჯარიმა გადაიხადეს და მათი შეფასებით, ეს ჯარიმა და ფინანსური სანქცია არის არაედექვატური, თუმცა ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება და ხელისუფლების ინიციატივა მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობაა. 

"ეს ჯარიმები ჯერ არასწორი იყო საერთოდ რომ დააწესეს და ამ არაადამიანური ჯარიმების ამნისტიის ყველას მომხრე ვარ, მაგრამ "ქართული ოცნება" ამაზე პოლიტიკური მიზნებისთვის დაფიქრდა, არჩევნებში რას მისცემს ამნისტირება და არა იმიტომ, რომ მოსახლეობაზე გული შესტკივა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

"ნებისმიერი ამნისტია, თავისთავში მოიცავს უსამართლობის გარკვეულ ნაწილს იმ ადამიანებთან, ვინც უკვე გადაიხადა ჯარიმა. ჩვენ ვიცით, არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ  მას ვინმე გადაიხდიდა. ხელისუფლება და ოპოზიცია ამ ჯარიმების გაუქმების კანონპროექტის შემოტანაზე ერთმანეთს ეჯიბრებოდა. უსამართლობა ერთია, მაგრამ საარჩევნო წელია და გვესმის, შეუძლებელი იქნებოდა ფული ამოეღო ვინმეს საქართველოს მოსახლეობიდან,"- აღნიშნა პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ.

კოვოდრეგულაციების დარღვევის გამო დაწესებული ჯარიმების გაუქმებას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აფასებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეც.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ამ ინიციატიცას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან კავშირი არ აქვს.

"შესაძლებელია იყოს განცდა, იმ მოქალაქეებმა, ვინც გადაიხადეს, რა დააშავეს, თუმცა აქაც უნდა იყოს მიდგომა, რომ ჩვენ სოლიდარული უნდა ვიყოთ ყველა ერთმანეთის მიმართ. პირებმა ის გადაიხადეს, რაც დაარღვიეს. სრულიად წარმოუდგენელი და არასერიოზულია რაიმე ტიპის მოსყიდვაზე საუბარი,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

კოვიდრეგულაციების დარღვევის ჯარიმების ამნისტიის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 24 ივნისს გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 76 მლნ ლარის ჩამოწერა მოხდება, რომელიც მოქალაქეებს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაუგროვდათ. 

აღნიშნული ინიციატივა კი პარლამენტის ბიუროზე დღეს დარეგისტრირდება. 

დღის ამბები