17 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
"დაუშვებელია პოლიტიკის შეტანა სასამართლო სისტემაში" - მოსამართლეების მიმართვას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეების ერთობლივ მიმართვას პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, აღნიშნული განცხადება ხელისუფლების მიერ არის წახალისებული.

"მოსამართლეები უკვე ჩამოყალიბდა ავტონომიურ კლანად, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მოემსახუროს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, გაატაროს მისი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები და დღეს მოსამართლეები თავხედურად ბედავენ რაღაც ბუნტს. ის განცხადებები, რაც მათ გააკეთეს, ეს პირდაპირ ხელისუფლების მიერ არის წახალისებული. მთელი სისტემა უნდა დაინგრეს და ახალი კანონის საფუძველზე უნდა აშენდეს თავიდან," - განაცხადა ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით კი, ზოგიერთი მოსამართლის განცხადება სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირებით სამარცხვინოა.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით,  პოლიტიკის შეტანა სასამართლო სისტემაში დაუშვებელია.

"დაუშვებელია პოლიტიკის შეტანა სასამართლო სისტემაში. 2012 წლამდე იყო აქტიურად წარმართული სასამართლო სისტემაში საკითხები პოლიტიკით გაჯერებული და ეს ქართული ოცნების გუნდმა აღმოფხვრა და ამიტომ იმავე წრეზე ჩვენ ვერ წავალთ, ამის უფლება არ გვაქვს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლეები მოუწოდებენ ყველას, შეწყვიტონ მათი შეფასებით, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სასამართლო ხელისუფლებას მისცენ კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობა და ჩაერთონ ჯანსაღ დისკუსიაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად.

დღის ამბები